გემოვნების მოქმედების მექანიზმი მუსიკაში

გემოვნების შესწავლას შედარებით ხანმოკლე ისტორია აქვს. ის ესთეტიკურ ლიტერატურაში მხოლოდ XVII საუკუნიდან ჩნდება. ამ დრომდე გემოვნება არ იხმარებოდა როგორც ესთეტიური ტერმინი და ფიზიოლოგიურ ხასიათს – გემოს შეგრძნების უნარს აღნიშნავდა.

ესთეტიკური გემოვნების შესაბამისი ტერმინი აღმოსავლური ხელოვნების თეორიაშიც არსებობდა, კერძოდ – ინდოეთში.  Rasa –  ეს სიტყვა შეგრძნებას, ან არსს ნიშნავს, რომელიც აბხანაგუპტას განმარტებით, ყველაზე მეტად ესთეტიკურ გემოვნებას შეესაბამება. XVII საუკუნიდან  მოყოლებული, ტერმინი ,,გემოვნება”, ჯერ ქარაგმული მნიშვნელობით იხმარებოდა, შემდეგ კი სილამაზის აღქმის, გემოვნების გაგებისა და შეფასების უნარს აღნიშნავდა. XVIII საუკუნიდან განმანათლებლობის ფილოსოფიის წარმომადგენლები გემოვნებას განიხილავდნენ როგორც ცენტრალურ ესთეტიკურ კატეგორიას.(1,45)

არაერთხელ აღნიშნულა, რომ გემოვნება ხელოვნების სხვადასხვა სახეობებსა და დარგებში სპეციფიკურად ავლენს თავს, ამის  მიუხედავად იგი უნივერსალური კატეგორიაა ყველა ეპოქის, მიმართულებისა და სახეობის ხელოვნებისათვის. ეს ნიშნავს, რომ გემოვნებაზე მსჯელობის მეშვეობით მიმდინარეობს არა მარტო გარკვეული, კონკრეტული ნაწარმოების ანალიზი და შეფასება ხელოვნების რომელიმე ცალკე აღებულ დარგში, არამედ ,,ინტერაქტიული” პროცესიც, გარკვეული ხიდის გადება, გავლენათა წარმართვა და გადადინება ერთი შეხედვით საკმაოდ დაცილებულ მხატვრულ მოვლენებში.

ხელოვნების არცერთი მნიშვნელოვანი  ნიმუში არ შექმნილა ისე, რომ არ საზრდოობდეს კაცობრიობის დაგროვილი ცოდნით, მონაგარითა და მითოლოგიით. მუსიკალური ნაწარმოების შექმნის ან შესრულების პროცესში ძირითადად შეუძლებელია გამოიყენო ცოდნა, ანალიზი, სინთეზი, განსჯა, თუმცა ის მაინც ქვეცნობიერად მოქმედებს ამ პროცესში და აუცილებლად აისახება ნაწარმოებზე ან შესრულებაზე.

თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ გემოვნება არის ადამიანის უნარი აღიქვას და შეაფასოს მოვლენათა და საგანთა ესთეტიკური თვისებები, განასხვავოს მშვენიერი და უგვანო, ლამაზი და კარგი, დააკავშიროს შეადაროს საგანს, ფაქტს ან მოვლენას. თუმცა გემოვნებას პროდუქტიული, კრეაციული მომენტებიც ახასიათებს. ის ხელოვნების ცენტრალური საწყისი, წმინდა ესთეტიკური, გრძნობადი და ამავე დროს ინტელექტუალური, განსჯითი ბუნებისაა. კანტიც აღნიშნავდა: ,,ამგვარად, სულის უნარები, რომელთა შეერთება (გარკვეული თანაფარდობით) წარმოადგენს გენიოსს, – არის წარმოსახვა და განსჯა” (4,83)

გემოვნება პირველ რიგში ფორმალური პრინციპის გამოვლინებაა, ანუ ყველანაირი ცოდნა, სპეციალური და არასპეციალური გემოვნების აქტიურობის შედეგად პირველ რიგში წარმოჩნდება ფორმალურ მხარეში და მისი სტრუქტურის მთლიანობაში ვლინდება. ეს ხდება შეთვისებული ფორმების დაშლის, გადაწყობისა და საბოლოოდ კვლავ გამთლიანების გზით. სწორედ ამ მომენტში ხდება წმინდა მუსიკალური ფაქტორების პარალელურად სხვა ვიზუალური, ვერბალური და ა.შ. ასოციაციებისა თუ პრაქტიკული გამოცდილების ჩართვა, რაც მუსიკალური შემოქმედების პროცესს ააქტიურებს. დრამატულ მუსიკალურ ხელოვნებას რომ თავი გავანებოთ, ამის ყველაზე ნათელი მაგალითები ინსტრუმენტულ მუსიკაშიც მოგვეპოვება – ზოგადად პროგრამული ნაწარმოებები, კონკრეტულად ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონია, რომელიც ვიზუალურ ხატებზე, ხილვებზეა აგებული, ბეთჰოვენის მთვარის სონატა და და ა.შ.

მხატვრული შემოქმედების ამ სპეციფიკურ თვისებებს, რომლებსაც ჩვენ გემოვნების კატეგორიასთან ვაკავშირებთ, მიმართება აქვს ისეთ საინტერესო მოვლენასთან როგორიცაა სინესთეზია; ხელოვნების ფსიქოლოგიაში ტერმინი – სინესთეზია ანუ თანაშერგრძნება, აღნიშნავს სხვადასხვა მიმართულობის გრძნობათა შორის არსებულ კავშირს, რაც ენობრივ კონსტრუქციებშიც ვლინდება. მაგალითად თბილი ფერი, მაღალი ბგერა, ბრწყინვალე ჟღერადობა, კეთილი მუსიკა და ა.შ.

გემოვნების ბუნება ცვლადი და განვითარებადია. ის სხვადასხვა სახის ინფორმაციას ,,ისრუტავს” და ხვეწს საკუთარ ფორმალურ მიდგომებს. მუსიკის მოსმენის, შესრულების ან შექმნის დროს გემოვნება დისკურსის გზით წარმართავს შემოქმედების პროცესს: აანალიზებს, შლის და ადარებს. რაც უფრო მეტ ასეთ სამუშაოს ასრულებს ადამიანი, მით უფრო იხვეწება მისი გემოვნება და ფართოვდება დიაპაზონი.

ერთ-ერთ ინტერვიუში პიანისტი ლეონ ფლეიშერი საუბრობს მორის რაველის მეორე საფორტეპიანო კონცერტის შესახებ. ეს კონცერტი კომპოზიტორმა პიანისტ პოლ ვიტგენშტეინს მიუძღვნა, რომელმაც მარჯვენა მკლავი მეორე მსოფლიო ომში დაკარგა. ნაწარმოები ერთნაწილიანია მაგრამ სამ შინაარსულ ნაწილად შეიძლება დაიყოს. ლეონ ფრიშერმა თქვა, რომ მეორე ნაწილში ნათლად დაინახა, როგორ ემზადებოდა ჯარი იერიშზე გადასასვლელად, ისმოდა ქვემეხების, ჭექა-ქუხილის ხმა და შხაპუნა წვიმის ეფექტი ლაიტმოტივად გასდევდა კონცერტს. მეორე კადენციაში  გონებადაკარგული ადამიანის ბოდვა დაინახა, რომელიც თანდათან მოდის გონს. კონცერტის დასასრულს, ბოლო ტაქტებში კი გონსმოსული პიანისტის ამოხვნეშა ისმის. ამ შემთხვევაში ლეონ ფლეიშერის გემოვნება ვლინდება წარმოსახვის ხატებთან მძაფრ ემოციურ კავშირში, რომელიც მისი ინტელექტის სხვადასხვა მხარის აქტივიზაციას და ნაწარმოების ისტორიის ცოდნას ეფუძნება.

მუსიკის სპეციფიკიდან გამომდინარე გემოვნება გრძნობად-ბგერითი გზით ვლინდება,  თუმცა ზოგჯერ ვიზუალურ ხატებსაც იწვევს, ააქტიურებს წარმოსახვასაც (როგორც მოცემულ მაგალითში). ის, თუ როგორ აღიქვამს, რას ადარებს, რასთან აკავშირებს არა მარტო შემსრულებელი, ავტორი, არამედ რეციპიენტიც ბგერებს, მუსიკალურ ფრაზას, თუ მთლიანად ნაწარმოებს, დაკავშირებულია მის ინტელექტთან, ფსიქოლოგიასთან და აგრეთვე თვითცნობიერებასთან მუსიკის სფეროში, რომელიც მის გემოვნებაში აისახება.

მუსიკალური ნაწარმოების შეფასებისას გემოვნება ახდენს ნაწარმოების  გრძნობად-ბგერითი, გამომსახველი ქსოვილის მხატვრულ სახეებსა და ცნებებზე დეკოდირების ინიცირებას, ხოლო შემოქმედებისას ხდება მონაცემების თავმოყრა, ანალიზი, კრეატორი ინტუიციურად წვდება მასალას, აანალიზებს მას.  რაც უფრო ფართო და მოცულობითია გემოვნება, როგორც მუსიკალური ცოდნის სფერო, მით უფრო ნატიფი და ბასრია იგი როგორც გრძნობა.(2,43-44) ასე, მაგალითად მე 20-ე საუკუნის მეორე ნახევრის კომპოზიტორთა შემოქმედებაში გაცილებით მეტი საკაცობრიო გამოცდილებაა დაგროვილი ვიდრე 17-18 საუკუნის მუსიკაში, თუმცა მუსიკალურობისა და გამომსახველობითი ფორმებით ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან. ამიტომაა, რომ გემოვნების მოქმედების დიაპაზონი უახლეს პერიოდში გაცილებით ფართოდა მრავალფეროვანია, ეკლექტიკურიც, ანუ უპრინციპოდ შეერთებული, დაკავშირებულიც კი! რაც,რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ თანამედროვე მუსიკა უფრო ღრმა და ამაღლებულია ბაროკოს ეპოქის მუსიკაზე. მაგალითად სტრავინსკის ,,ფენიქსში”, სადაც ჯოჯოხეთური ცეკვის მჭახე, დისონანსურ, ბასრ თემებსა და შინაარსს დაპირისპირებაში საოცრად რბილი, ჰარმონიული ბგერათა წყობა უპირისპირდება და ერთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორთა უმრავლესობა (იგივე სტრავინსკი, სკრიაბინი) ჯოჯოხეთური სურათების აღწერისას რითმის მკვეთრ ცვლას იყენებს, რაც ჩემი აზრით ეშმაკის, ბოროტების ძალის დემონსტრირებაზე მიუთითებს – როგორ ერთი ხელის მოსმით შეუძლია მას შეცვალოს ჯოჯოხეთი.

ალბათ იშვიათია მუსიკოსი, რომელსაც ბუნებამ ყველა უნარი მისცა. შეუძლებელია ადამიანს ქონდეს თანაბრად განვითარებული სმენა, მუსიკალობა თუ ფორმის შეგრძნება. ამ შემთხვევაში გემოვნების უნარი იწყებს მოწმედებას: ის რაც ნაკლებადაა შემოქმედში ან შემსრულებელში, სუბიექტი ცდილობს სხვა უნარით ჩაანაცვლოს, შეავსოს ეს სიცარიელე.  გოეთე ამბობს: ,,რაც უფრო ნაკლებად გამაჩნდა … ბუნებრივი შესაძლებლობანი პლასტიკური ხელოვნებისადმი, მით უფრო მეტად ვეძებდი მასში კანონებსა და წესებს: ასე საერთოდ ჩვენ ვცდილობთ შევავსოთ განსჯითა და ახსნით ის სიცარიელე, რომელიც ბუნებამ ჩვენში დატოვა”.(3,345) ნაკლებად განვითარებული უნარის შევსება ან ჩანაცვლება თეორიული საქმიანობის საფუძველზე უნდა მოხდეს, თუმცა მასში მხატვრული ხედვის შინაგანი თავისებურება აუცილებლად უნდა იყოს.

გემოვნება ახორციელებს მუსიკალური გამოცდილების ურთიერთზეგავლენას, ხელოვნების სხვადასხვა სახეობებთან და მჭიდრო კავშირს ამყარებს მათთან. განვიხილავ რამდენიმე მაგალითს:

  • დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ოსკარ პიტერსონის შემოქმედებას ეძღვნებოდა, ჯაზმენი-პიანისტი საუბრობდა მასზე ინსტრუმენტული ჯაზის გავლენაზე და აქვე აღნიშნა, რომ პიკასოს გრაფიკულმა ნამუშევრებმა დიდად შეუწყო ხელი,  განესაზღვრა საკუთარი მუსიკის ხასიათი. პიტერსონმა პიკასოს ნამუშევრები  თავის ჯაზ-კომპოზიციების სტრუქტურულ წყობას შეადარა.(2,48)
  • ყველასათვის კარგად ცნობილი საფორტეპიანო ციკლი ,,სურათები გამოფენიდან” შექმნის იდეა მუსორგსკის  თავისი მეგობრის, თეატრის მხატვრის გარდაცვალების შემდეგ გამართულ გამოფენაზე გაუჩნდა. კომპოზიტორის გემოვნებამ ნახატები ბგრეით განზომილებაში გადაიყვანა, მუსიკალური გამომსახველობა მისცა და შთაბეჭდილებებიც ასე გაუზიარა მსმენელს.
  • შუბერტმა  თავის რომანსში ”ტყის მეფე”, რომელიც გოეთეს ტექსტზე დაწერა, ლაიტმოტივად ცხენის ფლოქვების ხმა გამოიყენა, რომელიც გაბმული რითმით – ოქტავებით გამოსახა.

ფორმისა და შინაარსის უთვალავი ვარიაცია მხატვრულ გავლენათა სახით  ნაწარმოებებში ჩაქსოვილ- გაფენილია იმანენტურად (მისი ბუნებიდან გამომდინარე). მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ინარჩუნებენ საკუთარ ინდივიდუალობას. ეს მუსიკალური ფორმის მთლიანობითა და გემოვნების უნარითაა განპირობებული – წარმოსახვაში დაშალოს და კვლავ ააწყოს მხატვრული ფორმა, რათა დაეუფლოს მის სტრუქტურას.  აქედან გამომდინარე, მხატვრული და მუსიკალური ფორმა, ზოგადად, ისეთი პარადოქსული მთლიანობაა, რომელიც თავად შეიცავს და გამუდმებით მოითხოვს ინტერპრეტაციათა სიმრავლეს, მიდგომის მრავალმხრივობას.(2,58) აქედან გამომდინარე ,,მუსიკის მხატვრული გაგება” გემოვნების უნარს უკავშირდება, რომელიც  მოითხოვს – არ შეიზღუდო რაიმე ფორმისმიერი ნორმით, გამოძებნო საერთო ფორმადმაწარმოებელი მომენტები განსხვავებულ მხატვრულ სახე-იდეათა განხორციელებაში.

დათო ნადირაძე

გამოყენებული ლიტერატურა:

 

1. Жак Маритен, ”Творческая интуиция в искусстве и поэзии”, Москва, ’’Роспэн”, 2004.

2. ვლადიმერ ასათიანი – გემოვნება, როგორც მხატრვული ცოდნის სპეციფიკის საფუძველი და შემეცნების ფორმა.

3.  И.В.Гёте. Избранные сочинения по естествознанию. М.  с.345

4. ვ. ასათიანი – ხელოვნების მითოპოეტურ და ანალიტიკურ ტიპთა დიქოტომია

Advertisements